4 წლის გოგონას სიკვდილის საქმეზე ოთხი სოცმუშაკი გაათავისუფლეს
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარი წერეთელმა. უწყების ინფორმაციით, განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ მან საკუთარი სურვილით 30 იანვარს დაწერა. თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად ის ასახელებს 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტს. თანამდებობიდან გათავისუფლდა სოციალური სამსახურის 4 მუშაკი. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების საქმეში გამოიკვეთა "ბავშვის მართვის მენეჯმენტთან " დაკავშირებული ხარვეზები, რომელიც დაკავშირებული იყო სოციალური სამსახურის მუშაკების საქმიანობასთან: "4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მოკვლევა დაასრულა, რის შედეგადაც გამოიკვეთა იმ ორი უფროსი სოციალური მუშაკისა და ორი სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა, რომლებსაც უშუალოდ ევალებოდათ ბავშვის საქმის მართვა. აღნიშნული სოციალური მუშაკები დღეიდან გათავისუფლებულები არიან დაკავებული თანამდებობებიდან, მოკვლევის მასალები კი შესაბამის სამსახურებს გადაეცათ. პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა“.
4 წლის გოგონა სანზონაში 22 იანვარს გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს. მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაც მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გარდაცვლილი გოგონას დედას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.