სალომე ზურაბიშვილი: საქართველომ ევროკავშირისგან უფრო მეტი უნდა მოითხოვოს
ვიდრე ევროკავშირის წევრობაზე და კანდიდატობაზე გვექნება საუბარი, ჩვენ უნდა შეგვიყვანონ ყველა იმ ფორმატში, სადაც საქართველოს ადგილია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე, ბრიუსელში შემდგარი მისი პირველი სამუშაო ვიზიტის შეჯამებისას.
„ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, მოვილაპარაკოთ (ეს არ არის მხოლოდ მოთხოვნის დონეზე), მოლაპარაკებები ჩავატაროთ იმისთვის, რომ წინსმსრებით შეგვიყვანონ, სანამ ჩვენ წევრობაზე გვექნება საუბარი და კანდიდატობაზე, შეგვიყვანონ ყველა იმ ფორმატში, სადაც საქართველოს ადგილი არის და აღიარებული არის. ამისი მოდელები არსებობს უკვე: „ერასმუსში“ ვართ სრული წევრი, როგორც ევროკავშირის წევრები და გვითხრეს, რომ გაზრდიან მონაწილეობის ციფრებს. „ერასმუსი“ არის სტუდენტებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ასევე გაიხსნება „ერასმუს +“-ის საშუალება ჩვენთვის - ეს არის მკვლევარებისთვის და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, თვითონ ქართულმა მხარემ უნდა იაქტიუროს და წარუდგინოს ევროკავშირს ყველა ის მიმართულება, სადაც „უფრო უშუალო“ მონაწილეობის მიღება სურს. შესაძლებლობებს სალომე ზურაბიშვილი ხედავს როგორც ტრანსპორტის განვითარების, ასევე კულტურულ სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით. ის თვლის, რომ საქართველოს, როგორც მოწინავე ქვეყანას, უფრო ამბიციური განაცხადის გაკეთება შეუძლია.
„ჩვენ უნდა ვიყოთ და მეც ვიქნები ამბიციური საქართველოსთვის იმიტომ, რომ საქართველოს აქვს ყველა ის მონაცემი, რომ გადაიდგას უფრო სწრაფი ნაბიჯები. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი უნდა იყოს უფრო ჩართული საქართველოში სხვადასხვა მხრივ და საქართველო ევროპაში უნდა იყოს უფრო გამოჩენილი. ჩვენ ვართ იმ სამ ქვეყანას შორის, რომელსაც აქვს დღეს ასოცირების ხელშეკრულება და ამ სამი ქვეყნიდან ჩვენ ვდგავართ უფრო წინ, სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე. ეს სტატუსი ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ევროკავშირმა უნდა შეგვიქმნას პირობები, რომ მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ეს სტატუსი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.