რთე/რთ-მ განაახლა მუშაობა ბულგარეთის აუდიტორიისათვის
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ (რთე/რთ) განაახლა მუშაობა ბულგარეთის აუდიტორიისათვის: მედიაკორპორაციამ გახსნა ახალი ვებსაიტი ბულგარულ ენაზე.
ბულგარულენოვანი რადიომაუწყებლობა, რომელიც რადიო თავისუფალმა ევროპამ 1950 წელს დაიწყო, შეჩერდა 2004-ში ესტონურ, ლატვიურ, ლიტვურ, სლოვაკურ და რუმინულ ენებზე მაუწყებლობასთან ერთად. მაშინ მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ ქვეყნებში უკვე დამკვიდრდა დემოკრატიის პრინციპები, ინფორმაციისა და სიტყვის თავისუფლება და აღარ არსებობდა გარედან მაუწყებლობის საჭიროება.
რაც შეეხება ბულგარული სამსახურის მუშაობის განახლებას, ის დასაბუთებულია ბულგარეთში „საზოგადოებრივ-პოლიტიკური დემოკრატიული გარდაქმნების“ სირთულით.
„სვობოდნა ევროპა“ მუშაობას იწყებს დიგიტალური პლატფორმის სახით. ჟურნალისტები მომხმარებელს სთავაზობენ ახალ ამბებსა და ანალიტიკურ მასალებს ბულგარეთსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, ატარებენ ჟურნალისტურ გამოძიებებს, ამზადებენ აუდიო- და ვიდეოსიუჟეტებს.
იანვარში ამუშავდა რთე/რთ-ის კიდევ ერთი საინტერნეტო პროექტი: ის განკუთვნილია რუმინეთის აუდიტორიისათვის.