რუსეთის რეგიონებში მოითხოვენ გაზის დავალიანების ჩეჩნეთის მსგავსად ჩამოწერას
რუსეთის რამდენიმე რეგიონის წარმომადგენელმა დეპუტატებმა პროკურატურას მიმართეს მოთხოვნით, მოსახლეობას ჩამოუწერონ გაზის დავალიანება, როგორც ეს ჩეჩნეთში მოხდა. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, ასეთი განცხადებებით მიმართეს ორგანოებს ჩუვაშეთში, ბაშკირეთში, კრასნოიარსკში, ასტრახანის, როსტოვის, კურსკის, სვერდლოვსკისა და სმოლენსკის ოლქებში.
მანამდე გროზნოში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც კომპანია „გაზპრომ მეჟრეგიონგაზ“-ს დაავალა ჩეჩნეთის მოსახლეობისათვის 9 მილიარდი რუბლის დავალიანების ჩამოწერა.
სასამართლოს მიმართა პროკურატურამ, რომელმაც ჩათვალა, რომ დავალიანების ამოღება არარეალისტური იყო და საზოგადოებაში იწვევდა „სოციალურ დაძაბულობას“, რასაც შესაძლოა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყოლოდა. „გაზპრომი“ აპირებს გროზნოს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.
2017 წლის ნოემბრიდან გროზნოში მოსახლეობას გაზმომარაგება უწყდებოდა დავალიანების გამო. დიდია დავალიანება ელექტრომომარაგების სფეროშიც.
ჩეჩნეთის ბიუჯეტის 80%-ს ფედერალური ცენტრიდან დოტაციები შეადგენს. ოპოზიციის ინფორმაციით, ამ შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ხმარდება რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის ფუფუნებაში ცხოვრებას.