რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მთავარ პრიორიტეტად ასახელებს „აღმოსავლეთის პარტნიორობას“
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, თეოდორ მელესკანუ ქვეყნისათვის მთავარ პრიორიტეტს უწოდებს „აღმოსავლეთის პარტნიორობას“. ამჟამად რუმინეთია ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა.
ბრიუსელში ევროკავშირის მინისტერიალის დაწყებამდე, მელესკანუმ აღნიშნა, რომ წელს შესრულდება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ შექმნის მე-10 წლისთავი და მაისში გაიმართება შეხვედრა, რომელზეც იმსჯელებენ გაწეულ სამუშაოზე, იმსჯელებენ აგრეთვე პროგრამის მომავალზე.
„უნდა განვავითაროთ ეს ურთიერთობები. ჩვენი პარტნიორები არიან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენი საგარეო პოლიტიკაში და ევროპის უსაფრთხოების საქმეში. ვცდილობთ, გვქონდეს კონკრეტული წინადადებები“, განაცხადა მელესკანუმ.
მან აღნიშნა აგრეთვე, რომ სამომავლო გეგმის მომზადებისას იქნება განსხვავებული მიდგომა იმ ქვეყნებთან, რომლებმაც უკვე გააფორმეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებები, ანუ მოლდავეთთან, უკრაინასთან და საქართველოსთან. გვსურს „პერსპექტივა შევთავაზოთ“ ამ ქვეყნებსო, განაცხადა რუმინელმა მინისტრმა.
„აღმოსავლეთის პარტნიორობა“ არის ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებთან - აზერბაიჯანთან, ბელორუსიასთან, მოლდავეთთან, საქართველოსთან, სომხეთთან, უკრაინასთან - თანამშრომლობის ფორმატი. მთავარი მიზანია ევროპელი პარტნიორების მიმართ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ხელშეწყობა და მისი აღმოსავლეთის მიმართულების გაძლიერება.