ქაბულში აფეთქების შედეგად დაიჭრა 40-ზე მეტი პირი
ქაბულში 40-ზე მეტი პირი დაიჭრა მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად - იუწყებიან ოფიციალური პირები. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, ნაჯიბ დანიში ამბობს, რომ თავდასხმის სამიზნე იყო ე.წ. "მწვანე სოფელი", სადაც ბოლო დრომდე განთავსებული იყო რამდენიმე უცხოური ორგანიზაციის, მათ შორის გაეროს წარმომადგენლობის შენობები. პარალელურად, ავღანეთის სამშვიდობო საკითხებში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი, ზალმაი ხალილზადი რეგიონში მოგზაურობს და შეხვედრებს მართავს საიმისოდ, რომ დასრულდეს ავღანეთში 17 წლის განმავლობაში მიმდინარე ომი. თალიბანმა გასულ კვირაში გააუქმა აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი, რომელიც ყატარში იყო დანიშნული. "დღის წესრიგთან" დაკავშირებული უთანხმოების გამო. ამასთან, თალიბანმა უარი განაცხადა ავღანეთის მისი თქმით "მარიონეტული" მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობაზე მოლაპარაკებებში.