ტრამპი: „რუსეთისთვის არასოდეს მიმუშავია“
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთისთვის არასოდეს უმუშავია - რითიც პასუხობს გავრცელებულ კითხვებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი კავშირების შესახებ. ტრამპი ამ კითხვებს თუ ცნობებს „დიდ მსუქან სიყალბეს“ უწოდებს. აშშ-ის პრეზიდენტი ამ განცხადებებით 14 იანვარს გამოვიდა ჟურნალისტების წინაშე, მას შემდეგ, რაც „ვაშინგტონ პოსტმა“ გასულ შაბათ-კვირას დაწერა, აშშ-ის პრეზიდენტმა „უდიდესი ძალისხმევა გასწია“ პუტინთან მისი საუბრების დეტალების გასაიდუმლოებისთვისო. პარალელურად, „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერს, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) 2017 წელს აღძრული ჰქონდა კონტრდაზვერვის საქმე იმის შესახებ, მოქმედებდა თუ არა ტრამპი რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ, მას შემდეგ, რაც მან 2017 წელს ბიუროს დირექტორი პოსტიდან მოხსნა. იუწყებიან, რომ ეს საქმე ბოლოს შეერწყა მიმდინარე გამოძიებას ტრამპის რუსეთთან კავშირების შესახებ მის პრეზიდენტად არჩევამდე. ამ გამოძიებას საგანგებო პროკურორი, რობერტ მიულერი ხელმძღვანელობს. ჟურნალისტებთან ლაპარაკისას ტრამპმა FBI-ს და აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ყოფილ ოფიციალურ პირებს „ცნობილი არამზადები“ და „ბინძური პოლიციელები“ უწოდა.