ფეისბუკმომხმარებელმა პარლამენტის თავმჯდომარეს Facebook-ზე დაბლოკვის გამო უჩივლა
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) სასამართლოს მიმართავს მსახიობისა და სამოქალაქო აქტივისტის, მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ დამფუძნებლის მარიამ დოლიძის სახელით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მხრიდან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამო და მოუწოდებს მაღალ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს მეტი სიფრთხილით მოეკიდონ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნებისმიერ ინიციატივას. საქმე ეხება ირაკლი კობახიძის მიერ, საკუთარ ოფიციალურ Facebook გვერდზე, მარიამ დოლიძის გამოხატვის თავისუფლებით დაცული კრიტიკული მოსაზრებების შეზღუდვას.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, საქმე პრეცედენტული მნიშვნელობისაა, რადგან საჯარო უწყებებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ხშირია გამოხატვის თავისუფლების მსგავსი შეზღუდვის შემთხვევები. GDI სარჩელით ითხოვს ირაკლი კობახიძისგან მოსარჩელისათვის ოფიციალურ Facebook გვერდზე “ბლოკის” მოხსნას.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, მომხმარებლის დაბლოკვას წინ უსწრებდა ირაკლი კობახიძის განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ, რასაც მარიამ დოლიძის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მწვავე კრიტიკული კომენტარები მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციის მტკიცებით, კომენტარების შინაარსი სრულად ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. სწორედ აღნიშნული კრიტიკა გახდა პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მარიამ დოლიძის “დაბლოკვის” მიზეზი.