მოსკოვში მიმდინარეობს რუსეთ-იაპონიის მოლაპარაკებები მათ შორის სადავო ტერიტორიებზე
მოსკოვში რუსეთისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომლის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია სამშვიდობო შეთანხმება ორ სახელმწიფოს შორის. თავის იაპონელ კოლეგა ტარო კონოსთან შეხვედრის დაწყების წინ სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დოკუმენტზე მუშაობა უნდა წარიმართოს პროფესიონალურად, წინასწარი საჯარო განცხადებებისა და უკვე მიღწეული შეთანხმებების დამახინჯების გარეშე.
იაპონია არ ცნობს რუსეთის ტერიტორიად კუნძულებს იტურუპს, შიკოტანს, კუნაშირსა და ხაბომაის, რომლებიც სსრკ-ს მიერ ოკუპირებული იქნა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს. კურილის კუნძულების თაობაზე უთანხმოების გამო, იაპონიას და რუსეთს ამ დრომდე არ აქვთ ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება. 1956 წელს საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელიც სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ იაპონიისათვის ხაბომაისა და შიკოტანის გადაცემას ითვალისწინებდა.
მაგრამ რუსეთი აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი უნდა მოეწეროს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, რასაც იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე მიუღებლად მიიჩნევს. 6 იანვარს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა დაიფიცა, რომ წერტილს დაუსვამს კურილის კუნუძლების თაობაზე არსებულ საკითხს. იანვრის ბოლოს რუსეთში სინძო აბეს ვიზიტი იგეგმება.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ადრე განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმება არ ითვალისწინებს იაპონიისათვის კუნძულების გადაცემას. “ლევადა-ცენტრის“ გამოკითხვით, რუსების მხოლოდ 17 %-ი ემხრობა იაპონიისათვის კურილის კუნძულების ნაწილის გადაცემას.