იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს შეარჩევს
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს უნდა გადაწყვიტოს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის საკითხი. 12 საათზე დანიშნული სხდომის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხია: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით მათიკაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების დავალება.“
დეკემბრის ბოლოს, როცა ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადგომა გადაწყვიტა, მისი წარდგინებით, კომიტეტმა თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩია გედევან ფოფხაძე, რომელსაც ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მისი მოვალეობა უნდა შეესრულებინა. თუმცა, იანვრის დასაწყისში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება და მიზეზად დაასახელა გედევან ფოფხაძის არჩევამდე საკითხის გუნდთან შეუთანხმებლობა და პროცედურის დარღვევა.