თეირანი აპროტესტებს პოლონეთში სამიტის გამართვას ირანის პრობლემაზე
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს პოლონეთის წარგზავნილი, რათა გადაეცათ პროტესტი პოლონეთში თებერვლისათვის დაგეგმილი გლობალური სამიტისათვის, რომლის ინიციატორიც აშშ-ია.
სამინისტროს ოფიციალურმა პირმა პოლონეთის დროებით რწმუნებულს, ვოიცეხ უნოლტს განუმარტა, რომ ირანი პოლონეთში მსგავი ფორუმის ჩატარებას მიიჩნევს „ირანის საწინააღმდეგო მტრულ ნაბიჯად“, რასაც თეირანი პოლონეთის მიმართ „კონტქმედებით“ უპასუხებს.
სააგენტო IRNA-ს 13 იანვრის ცნობით, პოლონელმა დიპლომატმა ირანულ მხარეს „მიაწოდა ინფორმაცია კონფერენციის შესახებ, რომელიც არ არის მიმართული ირანის წინააღმდეგ.“
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი გეგმავს უმასპინძლოს გლობალურ სამიტს, რომელიც ფოკუსირებული იქნება ახლო აღმოსავლეთის, განსაკუთრებით ირანის გარშემო. 11 იანვარს ტელეკომპანია „ფოქს-ნიუსთან“ ინტერვიუში მაიკ პოპეომ აღნიშნა, რომ აშშ-ის თაოსნობით სამიტი პოლონეთში, 13-14 თებერვალს გაიმართება. რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარდა, სამიტის ყურადღების ცენტრში იქნება ვითარების შეფასება ირანში, რათა „დავრწმუნდეთ, რომ ირანი არ არის დესტაბილიზაციის ფაქტორი,“- განაცხადა პომპეომ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა აღნიშნა, რომ იმედი აქვს, კონფერენცია დაახლოვებს აშშ-ისა და ევროკავშირის პოზიციებს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა სამიტს უწოდა „უიმედო ანტიირანული ცირკი“.