ჰერალდიკის საბჭო: „გამოფინეთ დროშები!“
14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
„ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის ღირსი პატივის მიგების მიზნით საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან გადმოფინონ ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმოართონ საქართველოს სახელმწიფო დროშა“, - ვკითხულობთ ჰერალდიკის საბჭოს ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ჰერალდიკის საბოში მიაჩნიათ, რომ მცდარია სახელმწიფო დროშის გაიგივება მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, საპროტესტო აქციებთან:
„სახელმწიფო დროშის დღე უმთავრესად ეროვნული დღესასწაულია. სახელმწიფო დროშა თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის საკუთრება და ღირსების სიმბოლოა. სახელმწიფო დროშა ეროვნული ერთიანობის, ერის ისტორიული გზის, მისი სულისკვეთებისა და მომავლისკენ სწრაფვის სიმბოლოაცაა. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაბრუნებასთან ერთად საქართველომ დაიბრუნა დროშა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო საქართველოს სიმბოლო“.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან, ყოველი წლის 14 იანვარს (საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღე) აღნიშნება.