პაციენტსა და ექიმს შორის ფიზიკური დაპირისპირების ინციდენტს შსს იძიებს
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ექიმს, ნუკრი ბერიშვილს პაციენტი დაესხა თავს, რის შედეგადაც მან ტვინის შერყევა მიიღო და ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა - ამის შესახებ ინფორმაცია ამავე საავადმყოფოს ექიმმა, ნინო პოპიაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, შემთხვევა 5 იანვარს მას შემდეგ მოხდა, რაც პაციენტმა ექიმს თავის ტკივილის გამო ნარკოტიკული საშუალება მოსთხოვა.
პაციენტისა და კლინიკის მიმღებ ექიმს შორის მომხდარი ინცინდენტის განსხვავებულ მიზეზზე საუბრობს პაციენტის დედა. ტელეკომპანია „რუსთავი2“-ისთვის მიცემულ კომენტარში იგი ამბობს, რომ მისი შვილი თავის ძლიერი ტკივილის გამო ითხოვდა არა ნარკოტიკულ ნივთიერებას, არამედ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, თუმცა ექიმმა სათანადო ყურადღება არ გამოიჩინა და მას უხეშად უპასუხა. პაციენტის დედის თანახმად, მის შვილს ვირუსული ინფექცია და ფილტვების ანთება აქვს და საავადმყოფოში იმყოფება.
გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სს კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ზაზა ლურსმანაშვილის განმარტებით, ექიმი, რომელსაც პაციენტმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ჯერ-ჯერობით სტაციონარში რჩება. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.