ბოლტონი: აშშ სირიიდან ჯარს გაიყვანს ქურთი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემდეგ
აშშ სირიიდან ჯარების გაყვანას დაასრულებს მას შემდეგ, რაც თურქეთისგან მიიღებს გარანტიას რეგიონში ამერიკის მოკავშირე ქურთების ხელშეუხებლობის შესახებ. ამის შესახებ კვირას, ისრაელში ვიზიტის დროს განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტომა.
ბოლტონმა აღნიშნა, რომ სირიაში თურქეთის ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია ვაშინგტონთან უნდა იქნეს შეთანხმებული. მან ასევე თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ სრულიად უნდა განადგურდეს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“, რომლის წინააღმდეგაც აშშ-მა სირიაში რამდენიმე წლის წინ დაიწყო ოპერაცია მოკავშირეებთან ერთად.
ბოლტონის თქმით, ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობისას ის ისრაელისა და თურქეთის ხელმძღვანელობებთან იმსჯელებს სირიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
დონალდ ტრამპმა გასული წლის ბოლოს გამოაცხადა სირიიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების შესახებ. ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად თანამდებობები დატოვეს თავდაცვის მინისტრმა ჯიმ მეტისმა და პენტაგონის რიგმა მაღალი რანგის თანამშრომლებმა. ტრამპის ოპონენტების აზრით, ჯარების სწრაფად გაყვანამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას შეიარაღებულ ქურთებს, რომლებიც აშშ-ს ეხმარებოდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. თურქეთს არაერთხელ განუცხადებია, რომ სამხედრო ოპერაციას ამზადებს ქურთების წინააღმდეგ, რომლებსაც ტერორიზმის მხარდაჭერაში სდებს ბრალს.