საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე სინოდის სხდომაზე შეჯერდება
საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე თავის პოზიციას ტომოსის ტექსტის გაცნობის შემდეგ დააფიქსირებს - ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ უთხრა: "სინოდმა გამოთქვა თავისი პოზიცია. გავეცნობით ტომოსის ტექსტს და შემდეგ დავაფიქსირებთ პოზიციას“, - აღნიშნა მეუფე შიომ, რომელმაც არ იცის როდის იქნება ამ საკითხის განხილვა.
უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს საპატრიარქოს პოზიციის გასარკვევად რადიო თავისუფლება საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელს, მამა ანდრია ჯაღმაიძესაც დაუკავშირდა. მამა ანდრიამ გვითხრა, რომ საქართველოს ეკლესია შეჯერებულ პოზიციას სინოდზე მსჯელობის შემდეგ მიიღებს: "განცხადება პოზიციასთან დაკავშირებით ვერ გაკეთდება იმიტომ, რომ უნდა შეჯერდეს მღვდელმთავრების აზრი სინოდზე. როგორც ვიცით, იქ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებები არსებობს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ განცხადება მსჯელობის გარეშე ვერ დაიდება. თვითონ მაგ საკითხში არის ბევრი სხვადასხვა ქვესაკითხი“-გვითხრა მამა ანდრია ჯაღმაიძემ. მისი განმარტებით სინოდი წელიწადში ორჯერ იმართება, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ სინოდის სხდომა რიგის გარეშეც მოიწვიონ. სინოდის ბოლო სხდომა 27 დეკემბერს გაიმართა.
კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსი 6 იანვარს გადასცა კიევის ახალ მიტროპოლიტს, ეპიფანეს. ტომოსის გადაცემის ცერემონიას, რომელიც სტამბოლის წმ. გიორგის ტაძარში გაიმართა, ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც.
კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს 5 იანვარს მოაწერა ხელი.ამით დასრულდა უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 330-წლიანი კონტროლი.