ნასას ხელმძღვანელმა გადაწყვიტა გააუქმოს დმიტრი როგოზინის ვიზიტი აშშ-ში
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს, ნასას ხელმძღვანელმა ჯიმ ბრაიდენსტაინმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა გააუქმოს რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, როსკოსმოსის ხელმძღვანელის, დმიტრი როგოზინის ვიზიტი აშშ-ში, რომელიც თებერვლისთვის იყო დაგეგმილი. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ ვიზიტი „გადაიდო“.
როგორც აშშ-ის მედიას განუცხადა ბრაიდენსტაინმა, სააგენტომ როგოზინი, რომელიც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სიაში შედის, შემოდგომაზე დაპატიჟა როსკოსმოსთან „მყარი სამუშაო ურთიერთობების“ შესანარჩუნებლად. მაგრამ, ნასას დირექტორის თქმით, ეს გადაწყვეტილება გადახედულ იქნა რამდენიმე სენატორის მხრიდან მწვავე კრიტიკის შემდეგ.
კერძოდ, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა როგოზინს უწოდა ერთ-ერთი არქიტექტორი „აგრესიის კამპანიისა, რომელსაც ეწევა კრემლი თავისი მეზობლების მიმართ“. გარდა ამისა, სენატორმა აღნიშნა, რომ როგოზინი ცნობილია რასისტული, ჰომოფობიური და ანტისემიტური განცხადებებით. შაჰინის აზრით, ამერიკაში მისი ვიზიტი ძირს გამოუთხრიდა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას.
შაჰინს მხარი დაუჭირეს სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დემოკრატმა მარკ უორნერმა და კოსმოსის საკითხების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ტედ კრუზმა, რომელმაც არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ კოსმოსის სფეროში ნასას დამოკიდებულება რუსეთზე ვლადიმირ პუტინს შეღავათებს აძლევს აშშ-სთან დაპირისპირებაში.