სალომე ზურაბიშვილმა რუხის სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა
სამეგრელოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუხის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუხის სამედიცინო ცენტრის ამოქმედება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. პრეზიდენტის შეფასებით, საავადმყოფოს ამოქმედებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რადგან კლინიკა, უმაღლესი სტანდარტების სამედიცინო მომსახურების შეთავაზებით, უდიდეს შესაძლებლობებს მისცემს, სამეგრელოსა და მის მიმდებარე რეგიონებში მცხოვრებლებს.
რუხის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი სალომე ზურაბიშვილმა მხარის რწმუნებულთან, ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად დაათვალიერა.
რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო. საუნივერსიტეტო კლინიკა 220 საწოლზეა გათვლილი. პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მილიონ 264 ათასი ლარია გამოყოფილი.