რუსეთი NASA-სგან ახსნა-განმარტებას ითხოვს როგოზინის ვიზიტის გადადების გამო
რუსეთის კოსმოსური სააგენტო როსკოსმოსი ახსნა-განმარტებას ითხოვს, მას შემდეგ, რაც აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ გადადო როსკოსმოსის ხელმძღვანელის, დმიტრი როგოზინის ვიზიტი შეერთებული შტატებში. ვიზიტი თებერვალში უნდა შემდგარიყო, NASA-ს წარმომადგენლის განცხადებით, ვიზიტის ახალი თარიღი „ჯერჯერობით არ არის შეთანხმებული“. როსკოსმოსის თანახმად, ვიზიტი ადრე მიღებული მიწვევის საფუძველზე უნდა შემდგარიყო. სააგენტოს განცხადებით, ჯერჯერობით არ გაუქმებულა დაგეგმილი მოლაპარაკებები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში აშშ-სთან თანამშრომლობის თაობაზე. NASA-მ 4 იანვარს გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რასაც წინ უძღოდა აშშ-ის კანონმდებელთა მოწოდებები, რომ ვიზიტი გაუქმებულიყო.