რუსეთში ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს აშშ-ის მოქალაქე პოლ უილანს
რუსეთში გამოძიებამ ჯაშუშობის ბრალდება წაუყენა აშშ-ის მოქალაქე პოლ უილანს, რომელიც დეკემბრის ბოლოს დააკავეს მოსკოვში. ამის შესახებ ინტერფაქსი იტყობინება უცნობ წყაროზე დაყრდნობით. მისი თქმით, უილანი ბრალდებას უარყოფს.
ამერიკელის ადვოკატმა ვლადიმირ ჟერებენკომ ინტერფაქსს უთხრა, რომ უილანის დაცვამ გაასაჩივრა მისი დაკავება და ითხოვს გირაოთი მის გათავისუფლებას. ჟერებენკოვის თანახმად, სააპელაციო საჩივარი გაიგზავნა მოსკოვის საქალაქო სასამართლოში. ადვოკატმა უარი თქვა კომენტარებზე.
ეფ-ეს-ბე-მ 28 დეკემბერს დააკავა 48 წლის უილანი. 29 დეკემბერს მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ სანქცია გასცა ამერიკელის დაკავებაზე. მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.