აშშ მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსაგან მოითხოვს რუსი სპორტსმენების დისკვალიფიკაციას
აშშ-ის ანტიდოპინგური სააგენტო მოითხოვს, რომ ასპარეზობებზე არ იქნენ დაშვებული რუსი სპორტსმენები, რახან უცხოელ ექსპერტებს არ ეძლევათ მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის მონაცემების სათანადოდ შესწავლის შესაძლებლობა. ამის შესახებ იუწყება სპორტული ტელეარხი ESPN ამერიკის ანტიდოპინგური სააგენტოს პრეზიდენტ ტრევის ტაიგარტის განცხადებაზე დაყრდნობით.
დეკემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) ექსპერტთა ჯგუფს მიეცა წვდომა მოსკოვის ანტიდოპინგურ ლაბორატორიაზე, მაგრამ ექსპერტებს არ მისცეს მონაცემების შეკრებისა და რუსეთიდან გატანის უფლება. ცნობების თანახმად, რუსეთის ხელისუფლებამ ექსპერტებისაგან მოითხოვა რუსეთში სერტიფიცირებული აღჭურვილობის გამოყენება მონაცემების ასაღებად.
WADA-ს ექსპერტები ამზადებენ ანგარიშს, რომელზეც დამოკიდებული იქნება, დაამტკიცებენ თუ არა გადაწყვეტილებას რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოსათვის ("რუსადა") დისკვალიფიკაციის მოხსნის შესახებ. ამ საკითხზე 14-15 იანვარს გაიმართება სპეციალური კომიტეტის სხდომა.
2018 წლის სექტემბერში WADA-მ წევრობა აღუდგინა "რუსადას" თითქმის სამწლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ.