„შრომის უსაფრთხოების“ კანონს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება
მომავალი კვირიდან პარლამენტი ახალი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის მიხედვით, “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელდება. კანონპროექტის თანახმად, კონტროლს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება. ამასთან, აღნიშნული კანონი ორგანული კანონის სტატუსს შეიძენს, როგორც ამას ახალი რედაქციის კონსტიტუცია ითხოვს. “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალ - ორგანული კანონის პროექტს პირველ ოქტომბერს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს. კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დიმიტრი ცქიტიშვილი, აკაკი ზოიძე, სოფიო კილაძე და თამარ ხულორდავა.
დღესდღეობით, პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის მარტში მიღებული “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მოქმედების სფერო შეზღუდულია და ის მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე ვრცელდება. პარლამენტში განსახილველად წარდგენილი პროექტის მიხედვით კი, “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის მიმართ, მათ შორის “შრომის კოდექსით“ და “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით მოწესრიგებული შრომითი ურთიერთობის მიმართ გავრცელდება.
კანონპროექტის თანახმად, კიდევ ერთი სიახლე იქნება შრომის ინსპექციის გაძლიერება და სამუშაო ადგილებზე ინსპექტორების უპირობო დაშვება. მომზადებული პროექტით, შრომის ინსპექციის უფლებამოსილებები ფართოვდება - შეტყობინებებზე რეაგირებისათვის მათ სასამართლოს თანხმობის გარეშე შესვლის უფლება ექნებათ. გარდა ამისა, შრომის ინსპექციის უფლებამოსილება ასევე გავრცელდება შრომით უფლებებზე.
შრომის სახელმწიფო ინსპექცია საქართველოში 12 წლის წინ, 2006 წელს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაუქმდა. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, ამ დროის განმავლობაში, ქვეყანაში 538 დასაქმებული დაიღუპა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2017 წელს ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილებზე დაიღუპა 47 და დაშავდა 106 ადამიანი. რაც შეეხება 2018 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებს, სამუშაო ადგილზე საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 29 ადამიანი, 24 კი მძიმედ დაშავდა.