ექს-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის საერთაშორისო მრჩეველი გახდა
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან(EBRD). გიორგი კვირიკაშვილმა bm.ge-ს განუცხადა, რომ კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ დადო. ექს-პრემიერის ინფორმაციით, თანამშრომლობაში მოიაზრება ევრობანკის ეგიდით უზბეკეთის მთავრობისთვის დახმარების გაწევა საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის დიალოგის პლატფორმის შექმნაში, რაც გულისხმობს საქართველოში ევრობანკის ინიციატივით შექმნილი ინვესტორთა საბჭოს გამოცდილების გაზიარებას. პრემიერ-მინისტრობის პერიოდში გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ინვესტორთა საბჭოს თავმჯდომარეც იყო.
გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა 2015 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 13 ივნისამდე.