საია სასულიერო პირებს თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ რაც უნდა მიუღებელი იყოს საპრეზიდენტო კანდიდატის შეხედულებები მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისათვის, მათი მხრიდან ხელისუფლებისა თუ კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ აგიტაციის განხორციელება მიზანშეწონილი არ არის.
ორგანიზაცია მიმართავს რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ წინასაარჩევნო აგიტაციის ნიშნების შემცველი განცხადებების გაკეთებისაგან, ხოლო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სთხოვს შეისწავლოს განცხადებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები და განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
„მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ სასულიერო პირთა მხრიდან აგიტაციის შემცველი განცხადებების გაკეთება არ წარმოადგენს კანონის დარღვევას, მიგვაჩნია, რომ სასულიერო პირებს, მით უფრო − წმინდა სინოდის წევრებს, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისას. „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, სახელმწიფომ და ეკლესიამ დაადასტურეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით“, - წერია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იქვე მოყვანილია სასულიერო პირების მხრიდან წინასაარჩევნო აგიტაციის შემცველი განცხადებების მაგალითებიც.
საია მიიჩნევს, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სასულიერო პირები აშკარად გამოხატავენ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნებისა“ და მათ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის − სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო პოზიციას.