საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა
20-27 სექტემბერს ბაქო ძიუდოში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაზე ცხრა სპორტსმენით გამოვა. მამაკაცთა გუნდმა მაქსიმალურად გამოიყენა მონაწილე ქვეყნებისთვის დაწესებული კვოტა და შვიდი წონითი კატეგორიიდან ორში მსოფლიო კონკურენციაში ორ-ორი ქართველი ჩაებმება.
საქართველოს ნაკრების წინასწარ განაცხადში ერთი ქალიც იყო - აზერბაიჯანში მარიამ ჯანაშვილს უნდა ეჭიდავა, მაგრამ ძიუდოს ფედერაციის ფეისბუკის გვერდის ცნობით, ავადმყოფობის გამო მისი ტატამზე გასვლა გამოირიცხა. ბაქოში მხოლოდ მამაკაცთა ნაკრები გაემგზავრა. განაცხადში არიან: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე 60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ), ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი (ორივე 90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ).
20-26 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები ინდივიდუალურ ჩათვლაში გამოვლინდებიან, ქალთა და მამაკაცთა შვიდ-შვიდ წონაში. 27 სექტემბერს კი მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი გაიმართება, რომელზეც ქალთა და მამაკაცთა გაერთიანებული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.