გახარია: შსს-ს საგამოძიებო სისტემის რეფორმირება ხორავას ქუჩის ტრაგედიამაც დააჩქარა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, სამინისტრო განაგრძობს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებას. „არის რამდენიმე ახალი დაკავებული პირი. კიდევ ახალი მტკიცებულებების სტანდარტი თუ გვექნება, იქნება კიდევ დაკავებები" - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ საგამოძიებო სისტემის რეფორმირებისადმი მიძღვნილი კონფერენციის შემდეგ. გახარიას თქმით, შსს-ს საგამოძიებო სისტემის რეფორმირება ხორავას ქუჩის ტრაგედიამაც დააჩქარა. "ჩვენ პარლამენტში არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა შევიტანეთ იგივე ქურდულ სამყაროსთან, ინფორმაციის დამალვასთან, ცრუ ჩვენების მიცემასთან, მანდატურების სამსახურთან და ა.შ. დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამ რეფორმისა და ხორავას ქუჩის ტრაგედიას შორის არის კავშირი. ამ კავშირმა შეიძლება ცოტა დაგვაჩქარა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი განმარტებით საგამოძიებო სისტემის რეფორმირება მიმდინარეობს კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯვნას და სამივე მიმართულების გაძლიერების გზით კრიმინალური პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას. მინისტრის განცხადებითვე, რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა გამოძიების ხარისხის გაზრდაა. გახარიას ინფორმაციით, უკვე შეაფასდა გამომძიებელთა კვალიფიკაცია და შედეგების მიხედვით შსს-ს აკადემიაში შემუშავდა გამომძიებელთა პროფესიული გადამზადების მოდული. მინისტრის თქმით, გარდა ამისა, შექმნილია გამომძიებელთა საბაზისო მომზადების პროგრამა, გაიზარდა გამომძიებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამტკიცდა სამსახურში მიღების ახალი წესი, რომლის მიზანია ახალი, მოტივირებული კადრების დასაქმების ხელშეწყობა.