თბილისში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი
საქართველოში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპის და ევრაზიის საკითხებში, უეს მიტჩელი. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მიტჩელი შეხვდება საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს, პოლიტიკურ ლიდერებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილოს გლობალურ საკითხებში აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობითვე, უეს მიტჩელი სიტყვით გამოვა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე, რათა გააძლიეროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, შემდგომი დემოკრატიული განვითარების და დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ სწრაფვის მიმართ. მიტჩელი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში „მსოფლიო თავდაყირა 2018," რომელსაც თბილისში ამსპინძლობენ „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი.“ 13 სექტემბერს უეს მიტჩელი საქართველოდან მაკედონიაში გაემგზავრება.