„გუგლმა“ დაბლოკა ალექსეი ნავალნის მომხრეთა რეკლამა „იუტიუბზე“
ინტერნეტკომპანია „გუგლმა“, ცნობების თანახმად, დაბლოკა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მომხრეთა ფასიანი რეკლამა „იუტიუბის“ საიტზე. ვიდეო შეიცავდა მოწოდებას 9 სექტემბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობისაკენ. ნავალნის თანამოაზრე ლეონიდ ვოლკოვმა სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ 8 სექტემბერს დაწერა, რომ „გუგლი“ დაემორჩილა „რუსეთის ხელისუფლების უკანონო მოთხოვნას“ რეკლამის მოხსნის შესახებ. მანამდე რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „გუგლს“ მიმართა მოწოდებით, დაებლოკა რეკლამა, რადგან ის თითქოსდა არღვევს საარჩევნო კანონს, რომელიც ითვალისწინებს არჩევნების შესახებ „დუმილის დღეს“ კენჭისყრის წინ. 9 სექტემბერს რუსეთში იმართება რეგიონების ხელმძღვანელებისა და ადგილობრივი არჩევნები. „გუგლს“ ასეთივე მოწოდებით მიმართეს გენერალურმა პროკურატურამ, ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა და მედიის მარეგულირებელმა უწყება „როსკომნადზორმა“. ნავალნი მოსახლეობას მოუწოდებს, 9 სექტემბერს გავიდნენ აქციებზე, რათა გააპროტესტონ საპენსიო რეფორმა, რომელიც საპენსიო ასაკის მატებას ითვალისწინებს. ნავალნის „ანტიკორუფციული ფონდი“ აცხადებს, რომ რეფორმის საწინააღდმგეო გამოსვლებს არაფერი აქვთ საერთო არჩევნებთან და რეკლამა არ შეიცავს არჩევნებთან დაკავშირებულ ლოზუნგებს, ან მოწოდებებს.