ექსპერტების აზრით, საერთაშორისო ფორმატებში მიღებული გადაწყვეტილებები რუსეთს აიძულებს, იმავე აგრესიით აღარ გააგრძელოს ტერიტორიების ანექსია
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებების დაგმობას ექსპერტები ეხმაურებიან. ანალიტიკოსების აზრით, საქართველოს საკითხის გატანა საერთაშორისო ორგანიზაციებში ძალიან მნიშვნელოვანია.
„პირდაპირ ეფექტს რუსეთის ქმედებებზე ეს, ალბათ, ვერ იქონიებს, მაგრამ ასეთი სახის განცხადებები და ასეთი სახის მსჯელობა საერთაშორისო ორგანიზაციებში განხილვა მნიშვნელოვნად ამცირებს რუსეთის ამბიციას და გეგმებს,“ - განაცხადა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ, კახა გოგოლაშვილმა.
ექსპერტების აზრით, საერთაშორისო ფორმატებში მიღებული გადაწყვეტილებები ოფიციალურ მოსკოვს აიძულებს, რომ იმავე აგრესიითა და სიჩქარით აღარ გააგრძელოს საქართველოს ტერიტორიების ანექსია, როგორც დაგეგმილი აქვს. ანალიტიკოსები ხელისუფლებას ამ მიმართულებით გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.
„ეს არის იმის დასტური, რომ ჩვენ იმის მიუხედავად, რომ პატარა სახელმწიფო ვართ, თუ მოვინდომეთ, ჩვენი თემა შეიძლება აქტუალური იყოს და საერთაშორისო დონეზე აჟიოტაჟი მოვახდინოთ პოზიტიური გაგებით, რუსეთსაც შევახსენოთ, რომ მათ არ გაუვათ ოკუპაცია, ის აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებენ. კარგია, რომ უკრაინამ დააყენა, მადლობლები ვართ. კარგი იქნება თუ იაქტიურებს ჩვენი ხელისუფლება და მოვუწოდებ ამას. არის ბევრი ფორმატი, სადაც ჩვენ შეგვიძლია რუსეთს მკაცრად ველაპარაკოთ,“- განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ.
