გაზპრომთან დადებული ხელშეკრულება - რა მოლოდინები აქვს მთავრობას, ოპოზიციას და ექსპერტებს
საქართველომ გაზპრომთან დადებული ხელშეკრულებით, მინიმუმ, 20 მილიონი დოლარის ბუნებრივი აირი დაკარგა. გაზპრომთან დადებულ ხელშეკრულებზე, რომელზეც პრემიერმა განაცხადა, რომ გაასაჯაროებს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ეს გაზპრომის პრაქტიკაა.
„თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ კონტრაქტს, სადაც ცალსახად გაჟღერებული არის საჯაროდ ინფორმაცია, თუ რას იხდის გაზპრომ-ექსპორტი,“ - აცხადებს მარიამ ვალიშვილი.
პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი აცხადებს, რომ სწორედ საჯაროობა იქნებოდა იმის გარანტია, რომ საქართველოს საკუთარი პოზიციები უკეთ დაეცვა გაზპრომის წინაშე, რაც კალაძემ არ გააკეთა.
„ცალსახაა ის, რომ ეს პირობები არის უფრო უარესი, ვიდრე წინა წლების განმავლობაში სარგებლობდა საქართველო,“ - აცხადებს მაია მელიქიძე.
დაკლებული აირის შესაძენად ფულის გადახდა ან მომხმარებელს მოუწევს გაზრდილი ტარიფის სახით, ან ბიუჯეტს.
კახი კალაძემ რუსეთთან ულტიმატუმის გარეშე წარმოებულ მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან მაშინ რუსეთი საქართველოს ნაცვლად გაზს სომხეთს ირანიდან მიაწვდიდა. აზერბაიჯანელი, ასევე სომეხი ექსპერტების თქმით კი, ეს ტექნიკურადაც შეუძლებელია და ისეთ ინვესტიციებს მოითხოვს, რომ კომერციულადაც ძალიან წამგებიანი იქნება.
ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი
