ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა იყოს გარანტირებული - ეკა ბესელია
მოსმენების კანონთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. განსახორციელებლ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებები დეპუტატებს კამპანია ეს შენ გეხებას წევრებმა გააცნეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, ე.წ. მოსმენების კანონში ცვლილებები ისე იქნება შეტანილი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების და პირადი ხელშეუხებლობის საკითხები არ დაზიანდება.
კონსულტაციების შემდეგ მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, ძირითად პრინციპებზე შეთანხმდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, დამატებით დეტალებზე კი მუშაობის დაწყების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.
„ყველა ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა იყოს გარანტირებული და სახელმწიფოს ეს მაღალი პასუხიმგებლობა უზრუნველყოფილი იყოს ყველა შესაბამისი ინსტრუმენტით, ისე რომ არ მოხდეს არაპროპორციულად, პირად დაცულ სივრცეში ჩარევა,“ - აცხადებს ეკა ბესელია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ისეთი საკითხები, როგორიცაა მეტი დამოუკიდებლობა სააგენტოს საქმიანობაში, ასევე გაზრდილი საპარლამენტო ზედამხედველობა, ამ პრინციპებზე თანხმდებიან.
მისი თქმით, დარჩება თუ არა ეს გასაღები აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობაში ან როგორ დაკომპლექტდება ის საპარლამენტო ჯგუფი, რომელიც ზედამხედველობას განახორციელებს, ეს არის სამუშაო პროცესის ნაწილი.
