"არ არის აუცილებელი მაინცდამაინც დაკავება" - მამუკა მდინარაძე ნიკა გვარამიაზე განხორციელებულ თავდასხმას აფასებს
თავდასხმა ნიკა გვარამიაზე - ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე აცხადებს, რომ რატი გაჩეჩილაძეს არ უნდა შეეფარდოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. მამუკა მდინარაძის შეფასებით, ეს მსუბუქი დანაშაულია და პატიმრობის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, თუმცა აცხადებს, რომ ის გმობს ძალადობას.
"ძალადობას არ აქვს არანაირი გამართლება, მე როგორც პოლიტიკოსმა, ეს შემიძლია ვთქვა, მაგრამ ჩემი აზრია, რომ არ არის აუცილებელი მაინცდამაინც დაკავება, მაშინ როდესაც სხვა შემთხვევებში ანალოგიურ დანაშაულზე არ შეეფარდათ დაპატიმრება. ეს არის ევროსასამართლოს რეკომენდაციებიც და ეს არის პრინციპებიდან გამომდინარე, რაც აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვის დროს განიხილება ხოლმე.
"კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, არ უნდა იყოს გამონაკლისი, ნიკა გვარამია იქნება თუ ნებისმიერი ადამიანი, ოპოზიციური ტელევიზიის დირექტორი თუ ქართული ოცნების მომხრე თუ მოწინააღმდეგე და ა.შ. ამას არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა. რაც არის დადგენილი პრაქტიკა, მაგალითად, ნაკლებად მძიმე დანაშაულებებზე, ასე უნდა გაგრძელდეს ამ შემთხვევებშიც,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ნიკა გვარამიასა და რეჟისორ დავით დოიაშვილზე მომხდარ ძალადობას გმობენ მმართველი პარტიის სხვა წევრებიც და მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს, საქმე სათანადოდ გამოიძიონ.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი ფალიაშვილის ქუჩაზე, რესტორან დაინინგ რუმში ორი დღის წინ მოხდა. ლევან გაჩეჩილაძის შვილი, მეგობართან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა ნიკა გვარამიას და რეჟისორ დავით დოიაშვილს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ფაქტზე მხოლოდ რატი გაჩეჩილაძე ყავს დაკავებული. ინციდენტში მონაწილე მეორე პირის ვინაობას კი საგამოძიებო უწყება ამ დრომდე არ აკონკრეტებს.
