"ნაციონალური მოძრაობა" უკვე გაყოფილია - სერგო რატიანი
ნაციონალური მოძრაობა უკვე გაყოფილია - ეს განცხადება, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა გააკეთა.
დღეს პარლამენტში ფრაქციის სხდომის გადადების გამო მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, რატიანმა ღიად ისაუბრა პარტიაში არსებულ ვითარებაზე და პარტიის მეორე ჯგუფის ქმედებებს ბოლშევიზმი უწოდა.
მისივე თქმით, პარტია ორად მას შემდეგ გაიყო, რაც შეიქმნა ექვსეული. რატიანი დღეს არსებულ ვითარებას სამარცხვინოს უწოდებს.
„როდესაც შენი თანამებრძოლები შენს გვერდზე აღარ არიან და შენ ლაპარაკობ ხალხის ენით, ამას სხვა არაფერი ქვია თუ არა ბოლშევიზმი. ამიტომ, ეს სცენები არის სამარცხვინო. ძალიან სამწუხაროა, რომ ნაციონალურ მოძრაოაბაში ხდება ეს პროცესი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ გადაწყვეტილებაა მიღებული დაიშალოს პარტია.
"რამდენიმე დღის წინ იყო საუბარი ექვსეულზე. ექვსეულის გაფორმების შემდეგ გამიჯვნა მოხდა იმიტომ, რომ შეიქმნა ერთი ფრთა, რომელიც ემორჩილება ამ ექვსეული გადაწყვეტილებას და არსებობს ლეგიტიმური ორგანო, რომელსაც ემორჩილება მეორე. ეს გაყრა პრაქტიკულად მოხდა. ნაციონალური მოძრაობა უკვე გაყოფილია. ეს მოინდომა ამ ხალხმა, როდესაც შექმნა არალეგიტიმური ორგანო. ამიტომ, ფრაქცია უკვე გაყოფილია,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
