რატომ უნდა შევისწავლოთ უცხო ენა
ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გვსმენია ფრაზა, იმდენი ადამიანი ხარ, რამდენი ენაც იცი. რამდენად ძველმოდურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს ეს სიტყვები, სრული ჭეშმარიტებაა. გარდა იმისა, რომ ენის ფლობა კარიერულ წინსვლასა და სოციალური კავშირების დამყარებაში გვეხმარება, აუმჯობესებს მეხსიერებას, ანალიტიკურ უნარებს და გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ მეტად თავდაჯერებულები.
როდესაც უცხო ქვეყანაში მოგზაურობთ, სრულიად განსხვავებულად აღიქვამთ მის კულტურასა და თავისებურებებს, თუ შეგიძლიათ იქ არსებულ ენაზე ისაუბროთ. ასევე, უცხო ენის შესწავლა საშუალებას გვაძლევს წავიკითხოთ ორიგინალი ნაწარმოებები ან ვუყუროთ ფილმებს არასასურველი გახმოვანების გარეშე.
ენების ცოდნა თანამედროვე სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ტექნოლოგიური პროგრესის, ისე მზარდი გლობალური პროცესების გამო. ყველა დიდ კომპანიას სჭირდება ადამიანი, რომელსაც შეუძლია უცხოელ ადამიანებთან სწორი კომუნიკაციის დამყარება. ეს კარგი შესაძლებლობაა, რათა დასაქმდეთ მაღალანაზღაურებად სამსახურში და იმოგზაუროთ მსოფლიოს გარშემო.
ახალი ენა ახალ იდეებს ბადებს და აფართოებს ჩვენს მსოფლმხედველობას.
წყარო/ფოტო: UNH