მთიან ყარაბაღში ათი ათასობით პირი შეუერთდა დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მიტინგს
![მთიან ყარაბაღში ათი ათასობით პირი შეუერთდა დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მიტინგს](https://gdb.rferl.org/08b90000-0a00-0242-4ca0-08dabb3e393a_w800_h450.jpg)
თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დედაქალაქ სტეპანაკერტში (ხანქენდიში) გაიმართა მიტინგი დამოუკიდებლობის მოთხოვნით, რომელსაც ათი ათასობით ადამიანი შეუერთდა. პარალელურად, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო განცხადება რეგიონის აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოხვედრის დაუშვებლობის თაობაზე.
მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა 1990-იანი წლების დასაწყისში გამოაცხადეს ეთნიკურმა სომხებმა, რომლებიც მანამდე სახლობდნენ მთიანი ყარაბაღის საბჭოთა ავტონომიურ ოლქში. დამოუკიდებლობა არცერთ სახელმწიფოს არ უღიარებია. 2020 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ რეგიონის ნაწილი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადავიდა.
ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, მიტინგს შეუერთდა 40 ათასამდე ადამიანი, ანუ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოსახლეობის თითქმის მესამედი. დამოუკიდებელი დათვლით კი, მიტინგზე თავი მოიყარა 70 ათასამდე პირმა, რაც მთელი მოსახლეობის ნახევარს უტოლდება. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ, მათ შორის, რუსეთის დროშები და პლაკატები, რომლებითაც ითხოვდნენ "აზერბაიჯანის აგრესიის" შეჩერებას.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაში ასევე გამოთქმულია მოწოდება რუსეთისადმი, რომ მან უნდა გააგრძელოს რეგიონის ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. დეპუტატები რუსეთს სთავაზობენ, "შემოიღოს დამატებითი პოლიტიკური და სამხედრო მექანიზმები" იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომლებიც რესპუბლიკის არსებობას ემუქრება.
31 ოქტომბერს სოჭში დანიშნულია შეხვედრა რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის.
საერთაშორისო თანამეგობრობა მთიან ყარაბაღს აღიარებს აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიის ნაწილად, თუმცა ბაქო 1990-იანი წლების დასაწყისიდან არ აკონტროლებდა რეგიონის დიდ ნაწილს.
2020 წლის შემოდგომაზე განახლებული ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა რუსეთის შუამავლობით გააფორმეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ამ დოკუმენტით, რომელმაც ერევანში ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია, ბაქომ დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. რეგიონში განთავსებულია რუსეთის სამშვიდობო ძალები.