საქართველოში მცხოვრები უკრაინელები: თუკი არ გვეკუთვნოდა დახმარება, რატომ ჩაგვისახეს იმედი?
ატალია კვიშკო, 54 წლის ლტოლვილი უკრაინიდან, შვიდ თვეზე მეტია საქართველოში, 2 წლის შვილთან ერთად, მეგობრის ოჯახში ცხოვრობს. ნატალია ერთ-ერთია იმ ასზე მეტი უკრაინელიდან, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინიტრის სახელზე კოლექტიურ წერილს ავრცელებენ. საქართველოში მცხოვრები უკრაინელები საჯარო განცხადებაში წერენ, რომ ვერ მიიღეს ხელისუფლების მიერ დაწესებული 300-ლარიანი დახმარება, მათი ეკონომიკური მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება და სთხოვენ პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ განიხილოს შეღავათების საკითხი.
ნატალია ხარკოვიდანაა. ის ახლა თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე, ორი წლის ალექსისთან ერთად ცხოვრობს. ნატალია ქართველი მეგობრის ოჯახმა შეიფარა. თბილისში ჩამოსვლამდე, ჯერ ბათუმში, შემდეგ კი ბაკურიანში, ისევ მეგობრების სახლებში ცხოვრობდა.
საქართველოში 19 მარტს, ჩეხეთის გავლით ჩამოვიდა. დეტალურად ახსოვს 24 თებერვალი, უკრაინაში ომის დაწყების დღე და შემდეგ უკვე გრძელი გზა ჯერ ჩეხეთისკენ და შემდეგ საქართველოსკენ.
ზუსტად 24 თებერვალს შეუსრულდა ორი წელი ნატალიას ბიჭს, რომელიც ახლა დედას დასტრიალებს, სთხოვს წიგნი წაუკითხოს და თან ცალი თვალი ფოტოგრაფის კამერისკენ უჭირავს:
„24 თებერვალი დგებოდა. მე და ჩემი ქმარი შუაღამემდე ბუშტებს ვბერავდით. სახლის მორთვა დილამდე, ალექსის გაღვიძებამდე უნდა მოგვესწრო. ცოტა ხნის ჩაძინებულები ვიყავით, საშინელი გრუხუნის ხმამ რომ გაგვაღვიძა. მახსოვს ჩემი ქმრის სასოწარკვეთილი ღრიალი, ნატაშკა, ომი დაიწყო. რას ბოდავ-მეთქი, ვუპასუხე. მაგრამ მალევე მივხვდი, ეს ომი იყო. სახლის ფანჯრებს ზანზარი გაუდიოდა. წაღმა-უკუღმა ჩავყარეთ, რაც ხელში მოგვხვდა. ჩავსხედით მანქანაში და ერთადერთი აზრი, რაც თავში გვიტრიალებდა, იყო ის, რომ მიგვეღწია ხარკოვთან ახლოს მდებარე სანატორიუმამდე, სადაც გასულ ზაფხულში ვისვენებდით და მახსოვდა, რომ სანატორიუმს ბომბსაფარი ჰქონდა. სწორედ იმ ბომბსაფარში გავატარეთ მომდევნო ექვსი დღე“.
როდესაც ნატალიამ და მისმა ქმარმა გააცნობიერეს, რომ ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, გეზი უკრაინის დასავლეთისკენ აიღეს, საიდანაც ნატალია ორი წლის შვილთან ერთად, ჩეხეთში გაემგზავრა, მისი მეუღლე კი უკან, ხარკოვში დაბრუნდა.