ომბუდსმენობის ერთ-ერთი კანდიდატის, თინათინ ერქვანიას განცხადებით, დავით კეზერაშვილს ოლიგარქად მიიჩნევს, ხოლო ბიძინა ივანიშვილს – არა
სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატის, თინათინ ერქვანიას შეფასებით, დავით კეზერაშვილს ოლიგარქად მიიჩნევს, ხოლო ბიძინა ივანიშვილის საქმიანობაში ამას ვერ ხედავს.
როგორც მან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განმარტა, ოლიგარქი არის კრიმინალური წარმომავლობის რესურსების მფლობელი პირი, რომელიც შეზრდილია სახელმწიფო ინსტიტუტებს.
„ევროპული კავშირის სამართალში ტერმინი ოლიგარქი სამართლებრივად იდენტიფიცირებული არ არის. ეს არის უფრო პოლიტიკური ნიშნულის ცნება, რომელსაც ძირითადად იყენებენ რუსეთთან, უკრაინასთან მიმართებით.
მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ ტერმინი ოლიგარქი რა არის. მახსოვს იურისტებთან მსჯელობაში მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს არის კრიმინალური წარმომავლობის მქონე რესურსების მფლობელი პირი, რომელიც შეზრდილია სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს სახეზეა რუსეთში, საქართველოში ასეთი ტიპის ადამიანები შეიძლება არსებობდნენ.
მაგალითად, ბატონი დავით კეზერაშვილი ამ კრიტერიუმებს რაღაც დოზით შესაძლოა, აკმაყოფილებდეს, რადგან მასზე არის კონკრეტული „ქეისები”. თუ ოლიგარქი არის ის, რაც აღვწერე – კრიმინალური წარმომავლობის ფული და ასევე ჩართული პოლიტიკაში და პოლიტიკურ პროცესებზე გადართული, ამას ვერ ვხედავ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობაში“, – განაცხადა თინათინ ერქვანიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა მას დავით კეზერაშვილი ოლიგარქად – თინათინ ერქვანიამ უპასუხა – დიახ.