პრეზიდენტმა შტაინმაიერმა უკრაინელებს მიმართა, რომ გერმანია მათ გვერდითაა
გერმანიის პრეზიდენტი უკრაინას დახმარების გაგრძელებას დაჰპირდა. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში დღეს დილით ჩავიდა და როგორც მედიას უთხრა, უკრაინელებისადმი მისი გზავნილია, რომ გერმანია მათ გვერდითაა და გააგრძელებს უკრაინის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო დახმარებას.
შტაინმაიერის განცხადებით, გერმანელებისადმი მისი გზავნილია, რომ არ დაივიწყონ, რას ნიშნავს უკრაინელებისთვის ომი და რამდენი ტანჯვა და ნგრევა მოაქვს. „ადამიანებს უკრაინაში ჩვენ ვჭირდებით“, - თქვა გერმანიის პრეზიდენტმა. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და რუსეთის ავიადარტყმებით დანგრეულ რაიონებს მოინახულებს.
12 აპრილს, გერმანული გაზეთი Bild-ი იუწყებოდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო კიევში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ჩასვლის გეგმა, რაც უკავშირდებოდა ბოლო წლებში, შტაინმაიერის ახლო ურთიერთობებს რუსეთთან და მხარდაჭერას, რომელიც მან აღმოუჩინა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" სახელით ცნობილი გაზსადენის პროექტს. იმავე დღეს, პოლონეთში მყოფმა შტაინმაიერმა დაადასტურა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ არ ისურვა კიევში მისი ჩასვლა. შტაინმაიერი უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, კიევში ჩასვლას აპირებდა პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტებთან ერთად.
მაისის დასაწყისში პრეზიდენტებმა ზელენსკიმ და შტაინმაიერმა სატელეფონო საუბარი გამართეს და როგორც გერმანიის პრეზიდენტის ოფისი აცხადებდა, განმუხტეს მათ შორის დაძაბულობა.