ოსტინმა და რეზნიკოვმა რუსეთის ბრალდებასა და უკრაინის შემდგომ დახმარებაზე ილაპარაკეს
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვს დაუდასტურა, რომ აშშ უარყოფს უკრაინისადმი რუსეთის ცრუ ბრალდებებს და ნებისმიერ მცდელობას, ეს ბრალდებები გამოიყენოს შემდგომი ესკალაციის საბაბად. ამის შესახებ პენტაგონი იუწყება ოსტინსა და რეზნიკოვს შორის 24 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ.
მინისტრების სატელეფონო საუბარს წინ უძღოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებები, რომ უკრაინა ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენებით პროვოკაციას ამზადებს.
პენტაგონის ინფორმაციით, რეზნიკოვთან საუბრისას ოსტინმა დაგმო რუსეთის თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაადასტურა რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად აშშ-ის მიერ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ტვიტერზე დაწერა, რომ აფასებს აშშ-ის ნულოვან ტოლერანტობას რუსეთის შანტაჟის მიმართ.
ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, ლოიდ ოსტინთან განიხილა უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის დახმარების მომდევნო პაკეტიც. უკრაინის თავდაცვის მინისტრს ახალი დახმარების დეტალები არ დაუკონკრეტებია.
პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან აშშ-მა უკრაინას გაუწია დაახლოებით 17.6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.