რამზან კადიროვი პროპაგანდისტული მიზნით, უკრაინელ სამხედრო ტყვეებს ტელეკამერის წინ შეხვდა
ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების მეთაურ რამზან კადიროვთან ჩეჩნეთში ბადრაგით ჩაიყვანეს უკრაინელი პატიმრები, რომლებსაც კადიროვმა ტელეკამერის წინ დაკითხვა მოუწყო. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „როსსია 1-ის" მიერ მომზადებულ სიუჟეტში, რომელსაც "კავკაზ რეალიი" გაეცნო.
კადიროვს, კერძოდ, აინტერესებდა, თუ რისთვის იბრძოდნენ ისინი. იგი უმტკიცებდა ტყვეებს, რომ კიევის ხელისუფლება მობილიზებულ უკრაინელებს "საზარბაზნე ხორცად" იყენებს. საპასუხოდ უკრაინელმა ტყეებმა ომში მონაწილეობას უაზრო უწოდეს და რუსული პროპაგანდის ზოგიერთი ნარატივიც გაიმეორეს, წერს "კავკაზ რეალიი".
სიუჟეტის თანახმად, კადიროვმა ხელქვეითებს ტყვეებისადმი „ჰუმანური“ მოპყრობა დაავალა და მათ სახლებში გაშვებას დაჰპირდა.
ჩეჩენი პოლიტოლოგის, რუსლან კუტაევის თანახმად, კადიროვს ასეთი პროპაგანდისტული სიუჟეტი სჭირდება იმის საჩვენებლად, რომ ფრონტზე საქმეები კარგად მიდის.
"ეს არის შეკვეთილი სპექტაკლი კრემლისა, რომელიც არ კარგავს იმედს, რომ რაღაცნაირად მოახერხებს სისხლისმღვრელ ომში ყველა ჩეჩნისა და ჩრდილოეთ კავკასიის ახალგაზრდობის ჩაბმას", - უთხრა კუტაევმა "კავკაზ რეალიის".
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რამზან კადიროვი მოსკოვის ფართომასშტაბიანი ომის ერთ-ერთ მთავარ პროპაგანდისტად და აქტიურ თანაორგანიზატორად იქცა. უშუალოდ კადიროვის ინიციატივით, ჩეჩნეთი უკრაინაში გასაგზავნ „მოხალისეთა“ მომზადების ერთ-ერთ მთავარ ბაზას წარმოადგენს. თავად კადიროვი და მისი უახლესი გარემოცვა ხშირად მოგზაურობენ სიტუაციის ადგილზე გასაცნობად რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში.
20 ოქტომბერს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, კადიროვის მტკიცებით, ასახავს უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებებში მისი სამი შვილის მონაწილეობას.
კადიროვი ტელეგრამზე წერს, რომ მისი ვაჟები ახმატი, ელი და ადამი იმყოფებოდნენ „ურთიერთშეხების ხაზზე, სადაც ამ მომენტში მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლები უკრაინელ ნაციონალისტებთან“. კადიროვის თანახმად, მისმა შვილებმა, „როგორც ეს ჩეჩენ მეომრებს შეეფერება, მაშინვე საქმეს მოჰკიდეს ხელი“, პოლიციის სპეციალური პოლკის მეთაურ ზამიდ ჩალაევთან ერთად შეაღწიეს მოწინააღმდეგის პოზიციებზე და „უზრუნველყვეს შეტევაზე მყოფი მებრძოლების საცეცხლე დაფარვა“.