პოლონეთში გაიმართება კრემლის ოპონენტი რუსი დეპუტატების ყრილობა: ილია პონომარიოვი
4-7 ნოემბერს პოლონეთის დაბა იაბლონაში რუსეთის სახალხო დეპუტატების პირველი ყრილობა გაიმართება, ამის შესახებ ცნობას კრემლისადმი ოპოზიციურად განწყობილი, რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი ილია პონომარიოვი ავრცელებს.
"ვარშავის ისტორიულ გარეუბანში, პატარა დაბა იაბლონაში 4-7 ნოემბერს გაიმართება რუსეთის სახალხო დეპუტატების პირველი ყრილობა. დელეგატები იქნებიან სხვადასხვა წლებისა და სხვადასხვა დონის რუსეთის დეპუტატთა კორპუსის ის წარმომადგენლები, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებული არჩევნებით იქნენ არჩეულნი", - წერს ტელეგრამის არხში ილია პონომარიოვი.
ყრილობა, როგორც პონომარიოვი აცხადებს, შეეცდება განსაზღვროს, თუ როგორი უნდა იყოს რუსეთი უკრაინასთან ომში დამარცხების და პუტინის შემდეგ.
ყრილობის საორგანიზაციო კომიტეტში შედიან გენადი გუდკოვი, ილია პონომარიოვი, მარკ ფეიგინი და სხვები.
ამ დროისთვის ყრილობის 52 დელეგატია რეგისტრირებული. პონომარიოვის თქმით, ისინი წარმოადგენენ მინიმუმ 10 მილიონ ამომრჩეველს.