რუსეთი აცხადებს, რომ მსხვერპლი მოჰყვა ხერსონის ხიდთან უკრაინის სარაკეტო დარტყმებს
რუსეთმა უკრაინის არმია დაადანაშაულა სარაკეტო დარტყმაში ხერსონში, მდინარე დნეპრზე არსებულ გადასასვლელსა და საავტომობილო ხიდზე. კრემლის მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებები ხერსონის ოლქში რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილეზე, კირილ სტრემოუსოვზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ დაღუპულია სულ მცირე 4 ადამიანი.
ხერსონის დე ფაქტო, პრორუსული ადმინისტრაციის მტკიცებით, მდინარეზე არსებულ გადასასვლელს, რომელსაც სამოქალაქო პირები იყენებდნენ, უკრაინელმა სამხედროებმა ესროლეს 12 ამერიკული რაკეტა HIMARS, საიდანაც 11 საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოიგერია, 1 კი, ანტონოვკის საავტომობილო ხიდთან ჩამოვარდა. ეს ხიდი უკრაინის არმიამ მწყობრიდან გამოიყვანა ჯერ კიდევ ზაფხულში, რის შემდეგაც რუსმა სამხედროებმა მდინარე დნეპრზე მოაწყვეს დროებითი გადასასვლელი. უკრაინული წყაროების თანახმად, ამ გადასასვლელს რუსეთი არა სამოქალაქო, არამედ სამხედრო მიზნებით იყენებს.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ ანტონოვკის ხიდთან აფეთქება 20 ოქტომბერს, ღამით მოხდა. უკრაინის არმიის სარდლობას ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
19 ოქტომბერს, ანტონოვკის ხიდი და მდინარეზე მოწყობილი გადასასვლელი დაათვალიერეს ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ სერგეი კირიენკომ.