თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ჩავიდა, სადაც რამდენიმე ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი სამუშო ვიზიტით ჩავიდა აზერბაიჯანში, სადაც თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ილჰამ ალიევთან ერთად მონაწილეობა მიიღო ზანგილანის ახალი საერთაშორისო აეროდრომის გახსნის ცერემონიაში.
დღის მეორე ნახევარში თურქეთის სახელმწიფოს ლიდერი ახალი რკინიგზის სადგურის, გიუმლაკის მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს. გარდა ამისა, ორი ქვეყნის ლიდერები კიდევ რამდენიმე ახალი ერთობლივი პროექტის მშენებლობის დაწყებაში მიიღებენ მონაწილეობას.
მოგვიანებით თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები პირისპირ გამართავენ შეხვედრას, რის შემდეგაც პრესისათვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
თურქეთი აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორია და აქტიურად უჭერს მხარს მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
2020 წლის ნოემბერში, ე.წ. 44-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი". 2022 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განახლდა შეიარაღებული დაპირისპირება, რომლის შედეგად ორივე მხრიდან დაიღუპა 200-ზე მეტი სამხედრო.