რაში გამოიყენეთ ვიღაც ხიდაშელის რუკები? - რომან გოცირიძე საგარეო საქმეთა მინისტრს
საქართველოს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში მისულ საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ კითხვები დაუსვა ე.წ. დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით. მან მინისტრს შეახსენა, რომ უკვე ორი წელია, სასამართლოში საზღვრის დამდგენი კომისიის ორი წევრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე განიხილება და ჰკითხა, რატომ არ ისაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დავით გარეჯის თემაზე.
"ზუსტად ოქტომბრის თვეში დააპატიმრეს ორი უდანაშაულო მეცნიერი, ეს პატიოსანი ხალხი, რომელიც თქვენს უწყებაში მუშაობდა. ორი წელი გავიდა ამ ამბიდან, რა ნაბიჯი გადაიდგა დავით-გარეჯთან დაკავშირებით? გისაუბრიათ თუ არა თქვენს აზერბაიჯანელ კოლეგასთან?
რაში გამოიყენეთ ვიღაც, დიახ ვიღაც ხიდაშელის ჩამოტანილი რუკები, რის საფუძველზეც დააკავეთ ეს უდანაშაულო ხალხი? ორი წლის განმავლობაში იქ მდგომარეობა გაუარესდა - ჯარი დგას, სასაზღვრო, სადაც ადრე ყველას შეეძლო მისვლა", - იკითხა რომან გოცირიძემ. მას მინისტრთან შეკითხვები ჰქონდა ასევე უკრაინის მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზეც. დეპუტატმა მინისტრს ჰკითხა, რატომ არ ჩასულა ამ დრომდე უკრაინაში.
"რატომ არ ჩახვედით უკრაინაში? რატომ არ ჩავიდა არცერთი წარმომადგენელი მთავრობიდან უკრაინაში? რა სიგნალია ეს? რას ეუბნებით ევროპას, საქართველოს მოქალაქეებს, რუსეთს ამით? მოადგილე მაინც რატომ არ გაუშვით თქვენი, სიმბოლური აქტი მაინც რატომ არ გააკეთეთ?" - რომან გოცირიძის ამ კითხვის პასუხად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა, რომ უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაში მონაწილეობაზე ენმ-ის წევრებმა უარი თქვეს.