ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია უკრაინელ ხალხს მიანიჭა
უკრაინელი ხალხი ევროპარლამენტის სახაროვის სახელობის პრემიის გამარჯვებულად დასახელდა.
ინფორმაციას ამის შესახებ „ევროპის სახალხო პარტია“ და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ავრცელებენ.
“მამაცი უკრაინელები, წარმოდგენილნი მათი პრეზიდენტით, არჩეული ლიდერებითა და სამოქალაქო საზოგადოებით, გახდნენ ამ წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული”, – წერია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში.
უკრაინელ ხალხს Twitter-ის პირად გვერდზე ასევე მიულოცა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ.
“ისინი დგანან იმისთვის, რისიც სჯერათ. იბრძვიან ჩვენი ღირებულებებისთვის. იცავენ დემოკრატიას, თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას. ჩვენთვის რისკავენ საკუთარ სიცოცხლეს. და დღეს ევროპარლამენტის სახაროვის პრემიის საამაყო გამარჯვებულები არიან. არავინ არ იმსახურებდა მეტად. ვულოცავთ უკრაინის მამაც ხალხს”, – წერს მეცოლა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სახით უკრაინელი ხალხი პრემიაზე “ევროპის სახალხო პარტიის” მიერ იყო ნომინირებული. S&D და Renew Europe პოლიტიკურმა ჯგუფემბა ნომინაციაზე ასევე უკრაინელი ხალხი წარადგინეს, ცალკეული პირების, სამოქალაქო საზოგადოების, სახელმწიფო და სამოქალაქო ინსტიტუტების წარმომადგენლების როლის აღნიშვნით.
ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია 1988 წელს ევროპის პარლამენტის მიერ დაარსდა. ჯილდო ყოველწლიურად ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემის და უმცირესობის უფლებების დაცვის სფეროში გაიცემა.
გასულ წელს პრემია რუსმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ მიიღო.