დეტექტივების დედოფალი – აგათა კრისტის ამბავი
დეტექტივების და მისტიკური რომანების დედოფალი აგათა კრისტი ინტუიციური და მდიდარი წარმოსახვის უნარის მქონე ბავშვი იყო. თუმცა 11 წლის ასაკში მის ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. აგათას მამა პნევმონიით გარდაიცვალა. შემდგომში მწერალი ამ ფაქტს იხსენიებს, როგორც მისი “ბავშვობის დასასრულს”.
იგი მარტოსული იყო. მისი მთავარი თავშესაქცევი მოკლე ისტორიები და ნოველები გახდა, რომელთა წერაც სკოლის დასრულების შემდეგ დაიწყო.
მწერლის პირველი ნოველა Snow Upon the Desert ექვსმა გამომცემლობამ უარყო, თუმცა კრისტი არასდროს დანებებულა. მან იცოდა, რაც სურდა სინამდვილეში და სწორ შესაძლებლობას ელოდა.
მისი მეორე რომანი The Mysterious Affair at Styles ორმა რედაქტორმა დაიწუნა, მაგრამ, საბოლოოდ, ერთ-ერთი მათგანი დათანხმდა და მწერალთან ხუთი სხვადასხვა რომანის გამოცემაზე გააფორმა ხელშეკრულება.
მოგვიანებით ეს კონტრაქტი არც ისე სახარბიელო გამოდგა. აგათას ძალიან ცოტას უხდიდნენ, სამუშაო კი რთული და შრომატევადი აღმოჩნდა.
თავდაპირველი წარუმატებლობის მიუხედავად მისი პოპულარობა იზრდებოდა. 1920 წელს გამოქვეყნდა პირველი გახმაურებული რომანი “იდუმალებით მოცული საქმე სთაილზში”. დღეს კი კრისტი ყველა დროის ყველაზე გაყიდვად მხატვრული ლიტელატურის მწერლად ითვლება. მისი რომანების ორ მილიარდზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული, რომელთა მიხედვითაც გადაღებულია უამრავი ფილმი, შექმნილია არაერთი ვიდეო თამაში და გრაფიკული რომანი.
მწერალი სულ ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ქორწინებიდან მას ერთი შვილი ჰყავდა.
ცნობილია, რომ აგათას კალამს ეკუთვნის მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი პიესა The Mousetrap. მიუხედავად მწერლის პოპულარობისა, იგი არასდროს საუბრობდა ღიად პირად ცხოვრებასა და ურთიერთობაზე. უამრავი ფაქტი მისი ბიოგრაფიიდან მისტიკური და საიდუმლოებით მოცულია ისევე, როგორც მისი ნოველები.
წყარო/ფოტო: Factinate