ცხინვალში პუტინის ქუჩის კეთილმოწყობისთვის ფული არ აქვთ
ოკუპირებულ ცხინვალში ცდილობენ, თანხა მოიძიონ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სახელობის ქუჩის კეთილმოწყობისთვის. ამ საკითხის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევს ცხინვალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გენო კაჯაევმა მოახსენა. როგორც მან აღნიშნა, ცხინვალში, პუტინის ქუჩაზე საჭიროა, წლის ბოლომდე გადაიჭრას გზის დაუსრულებელი მონაკვეთის პრობლემა. კაჯაევის თქმით, ქუჩაზე მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება დაფინანსების ნაკლებობის გამო ვერ ხერხდება.
დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გაგლოევმა და კაჯაევმა აგრეთვე ილაპარაკეს ცხინვალის პარკში ცხოველების მომრავლებისა და მოქალაქეებზე უპატრონო ძაღლების თავდასხმების შესახებ. გაგლოევმა ქალაქის ე.წ. ადმინისტრაციას პრობლემების გადაჭრა დაავალა.
ცხინვალში ერთ-ერთი ცენტრალური, ყოფილი მოსკოვის ქუჩა, რუსეთის პრეზიდენტის პატივსაცემად, 2019 წლიდან პუტინის სახელობისაა. ეს გადაწყვეტილება პუტინის დაბადების დღეს გამოაცხადეს.