რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი „ლელოში“ გადავიდა
დავით სულაძემ რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, ამავე სახელწოდების პარტიიდანაც გავიდა და პოლიტიკურ ორგანიზაცია „ლელოს“ შეუერთდა.
დავით სულაძემ, რომელიც რუსთავის საკრებულოში დაახლოებით, ერთი თვის წინ ადგილმონაცვლეობის პრინციპით შევიდა, „ლელოში“ გადასვლის მიზეზებზე საუბრისას ჟურნალისტებს უთხრა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ფრაქციასთან უთანხმოება არ ჰქონია.
„ეს ნაბიჯი სპონტანურად არ გადამიდგამს. “ლელო“ არის ახალგაზრდა პარტია, მზარდი ორგანიზაციაა და მისი პროგრამა ჩემთვის მისაღებია. ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ ჩემი შეხედულებები არ შეცვლილა, ვრჩები მყარ ოპოზიციონერად“, - თქვა სულაძემ, რომელმაც "რადიო თავისუფლებასთან" დააზუსტა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ უთანხმობას მის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ ჰქონია. სულაძემ დასძინა, რომ ის რჩება საკრებულოს უმრავლესობის წევრად.
დღესვე, „ლელოს“ რუსთავის ახალი ოფისის პრეზენტაციაზე თბილისიდან ჩასულმა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხდა, რომ მისი პარტია რუსთავის საკრებულოში ეცდება ფრაქციის შექმნას.
რუსთავის საკრებულო 35 წევრისგან შედგება, საიდანაც დღემდე 18 ადგილი უმრავლესობას ეკუთვნოდა - 16 ადგილი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობას“ და სამი გიორგი გახარიას პარტიის წევრებისგან შემდგარ ფრაქცია „რუსთავი-საქართველოსთვის“. ამ გადაადგილებით, საკრებულოში ყველაზე მსხვილი ფრაქცია „ქართული ოცნება“ გახდა, რომელიც 16 წევრს ითვლის.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე ბერიძემ "რადიო თავისუფლებას" უთხრა, რომ ორგანიზაციაში არანაირი უთანხმობა არ არის.
„დავით სულაძესთან პიროვნულ დონეზეც და ორგანიზაციულადაც ვითანამშრომლებთ. ფრაქციას კი ალბათ „ოცნების“ წევრების ხარჯზე შექმნიან“, - თქვა ბერიძემ. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად რჩება დავით სულაძის შვილი ნინო სულაძე.