საკრებულოში ენმ-ის ფრაქცია პრეზიდენტს მიმართავს, დევი მეზურნიშვილი და კიდევ 9 პირი დააჯილდოოს
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, სამოქალაქო გმირობისათვის დააჯილდოოს ვაკის პარკის მებაღე დევი მეზურნიშვილი და კიდევ 9 ადამიანი, მათ შორის ექიმები. ამის შესახებ ბრიფინგი დღეს, 16 ოქტომბერს საკრებულოს წევრმა ზვიად კუპრავამ გამართა.
მისი თქმით, სამოქალაქო გმირობისთვის უნდა დაჯილდოვდნენ:
დევი მეზურნიშვილი (მებაღე);
მარი მამუკიშვილი (სასწრაფოს უფროსი ექიმი);
ლექსო დარასელია (სასწრაფოს უმცროსი ექიმი);
გიორგი ჭანტურიძე (სასწრაფოს უმცროსი ექიმი);
ნონა კაჭარავა (სასწრაფოს უფროსი ექიმი)
ნონა დევდარიანი (სასწრაფოს უფროსი ექიმი);
დავით ციბაძე (კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსის" ექიმი)
რუსუდან მაზმიშვილი (სასწრაფოს უმცროსი ექიმი);
კახაბერ გაბრელიანი (სასწრაფოს მძღოლი);
მეგი ბანცაძე (მოქალაქე, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე გულის მასაჟს უკეთებდა ბავშვებს და პირველადი დახმარება გაუწია მათ).
ზვიად კუპრავას განცხადებით, შესაბამის სიას თბილისის საკრებულოდან საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს წარუდგენენ.
13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა.
მათგან ერთი გარდაიცვალა, იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ერთ-ერთი დაშავებულის, 13 წლის ბავშვის მდგომარეობა კი მალევე გაუმჯობესდა და ის გაწერეს კლინიკიდან.
თვითმხილველი, ვაკის პარკის მებაღე დევი მეზურნიშვილი, რომელიც უშუალოდ შეესწრო ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევას, ამბობს, რომ მოზარდების წყლიდან ამოყვანა რთული იყო, რადგან დენი მათ დასახმარებლად ჩასულ კაცსაც არტყამდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა). როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.