მედია: სი ძინპინი პირობას დებს, რომ ჩინეთის არმიის “მსოფლიო კლასის არმიად” გადაქცევისთვის ძალისხმევას დააჩქარებს
ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, ქვეყნის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის გაძლიერების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და პირობა დადო, რომ “მსოფლიო კლასის არმიად” გადაქცევისთვის ძალისხმევას დააჩქარებს.
მისივე თქმით, ჩინეთი “შექმნის სტრატეგიული შეკავების ძლიერ სისტემას” და “გააძლიერებს სამხედრო წვრთნებს საბრძოლო პირობებში”.
ამასთან, როგორც ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, ოფიციალურმა პეკინმა უნდა “დააჩქაროს სამხედრო თეორიის, ორგანიზაციის, პერსონალის, იარაღისა და აღჭურვილობის მოდერნიზაცია”, რათა მისმა სამხედროებმა შეძლონ “ეფექტურად შეასრულონ მისია და ამოცანები ახალ ეპოქაში”.
გარდა ამისა, სი ძინპინმა ჩინელ სამხედროებს მოუწოდა, გაზარდონ საომარი მზადყოფნა და გააუმჯობესონ „გამარჯვების უნარი“.