ბელარუსში რუსი სამხედროების პირველი ეშელონი ჩავიდა
ბელარუსის ტერიტორიაზე ჩავიდა რუსი სამხედროების პირველი ეშელონია, რომელიც ე.წ. ჯარების რეგიონული დაჯგუფების შემადგენლობაში გააგრძელებს სამსახურს.
"ჯარების რეგიონული დაჯგუფების შექმნის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა და ის ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ ბელარუსის ტერიტორიაზე სამოკავშირეო სახელმწიფოს საერთო საზღვრის დაცვის მიზნით და ნაკარნახევია ჩვენი საზღვრების მახლობელ რაიონებში უწყვეტი აქტივობით, - ნათქვამია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მიერ ამ ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.
სამხედრო უწყებამ რუსი სამხედროების პირველი ეშელონის ბელარუსში ჩასვლის ამსახველი ფოტომასალა თავის ტელეგრამის გვერდზე გამოაქვეყნა.
ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბელარუსი და რუსეთი ქმნიან ჯარების ერთობლივ "რეგიონულ დაჯგუფებას", რომლის საჭიროება „განპირობებულია უკრაინის ტერიტორიიდან მოსალოდნელი დარტყმების საფრთხით“.
ლუკაშენკას თანახმად შეთანხმება რუსეთ-ბელარუსის ჯარების დაჯგუფების შექმნისა და მისი ბელარუსში განლაგების შესახებ პეტერბურგში დსთ-ს არაფორმალური სამიტის შემდეგ იქნა მიღწეული. სხვა საკითხებთან ერთად, ამ სამიტზე რუსეთი და ბელარუსი მინსკისთვის მორიგი, 1,5 მილიარდი დოლარის სესხის გამოყოფაზე შეთანხმდნენ.
სამხედრო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ცდილობს ბელარუსის უშუალო ჩართვას უკრაინასთან ომში.